სამაგიდო თამაშების სიყვარული ადამიანების უმრავლესობას ბავშვობიდანვე უყალიბდება. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული გასართობი  ოჯახური შეკრებებისა თუ მეგობრული შეხვედვრების სასოამოვნოდ გატარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. სამაგიდო თამაშებს აქტუალობა არც   კომპიუტერული და ვიდეო თამაშების ეპოქაში დაუკარგავს.

შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელიც აღმოჩნდეს იმის გაგება, რომ სამაგიდო თამაშებისადმი ინტერესი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე  3500 წელს გაჩნდა.  თანამედროვე სამაგიდო თამაშების უძველეს წინაპრად ძველ ეგვიპტეში გავრცელებული თამაში  „სენეტი“ ითვლება. თამაში 3 X10-ზე დანაყოფებიან დაფაზე მიმდინარეობდა  და ფიგურათა გადაადგილება კამათელზე გამოსახული ნიშნების მიხედვით ხდებოდა. როგორც ამბობენ , ძველ ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ამ თამაშში გამარჯვებულებს ღმერთები იცავდნენ. 

სამაგიდო თამაშები პოპულარობით სარგებლობდა ევროპელ ხალხებშიც. ერთ-ერთი მათგანი ჰომეროსის „ილიადაშიც“ არის აღწერილი. თამაში პეტეა მომავალში, სახელშეცვლილი ვარიანტით რომის იმპერიაშიც გავრცელდა.

სამაგიდო თამაშებზე საუბრისას რთულია გვერდი ავუაროთ ყველასთვის ცნობილ თამაშს ნარდს.  «თამაშების მამის» სახელით ცნობილმა ინგლისელმა ედმონდ ჰოილმა  გამოსცა წიგნი, რომელიც ნარდს ეძღვნებოდა. ავტორმა თამაშის ისტორია, წესები, ძირითადი ტაქტიკური პრინციპები აღწერა და თამაშის ერთიანი წესების მისეული ხედვაც წარმოადგინა. ჰოილმა ძველი სპარსულის საფუძველზე, თანამედროვე ნარდის წესები ჩამოაყალიბა.



ჟანრის კლასიკად,  რა თქმა უნდა,  მონოპოლია ითვლება.  თამაში თავდაპირველად საგანმანათლებლო იდეით  შეიქმნა. მისი მიზანი  ჰენრი ჯორჯის ერთიანი საგადასახადო თეორიის წარმოჩენა  და ხალხისთვის კერძო მონოპოლიების უარყოფითი მხარეების გაცნობა იყო .  1935 წელს თამაშის დიზაინერმა ელიზაბეტ ბეტმა პატენტი Parker Brothers მიჰყიდა. სწორედ აქიდან იწყება  მონოპოლიის წარმატება. დღეს  ის საერთაშორისო  კულტურის ნაწილია, მონოპოლიას  103-ზე მეტ ქვეყანაში აქვს ლიცენზია  და იგი 37-ზე მეტ ენაზეა დაბეჭდილი.





მონოპოლიას პოპულარობით არ ჩამოუვარდება „კატანი“. აღნიშნული სამაგიდო თამაში გერმანელი კლაუს ტუბერის დიზაინით შეიქმნა. ის  აღმოჩნდა პირველი გერმანული სამაგიდო თამაში, რომლისადმი ინტერესიც ევროპის ფარგლებს გასცდა. 2015 წლის მონაცემებით, კატანის 22 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. თამაშის მოქმედება უკაცრიელ კუნძულ, კატანზე ხდება. მას დაახლოებით 3-4 ადამიანი თამაშობს და ხანგრძლივობა 60-დან - 120 წუთამდე მერყეობს.



გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ახლა სამაგადო თამაშების აღმოჩენისთვის საუკეთესო დროა. მაშინ, როდესაც მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიაა და უმრავლესობა თავისუფალ დროს  სახლში , ოჯახის წევრებთან ატარებს რა უნდა იყოს იმაზე საინტერესო ვიდრე სამაგიდო თამაშებით გართობა?